თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ქეთევან მამულაშვილმა ლევან რაზიკაშვილის და ირინა შტენბერგის ქუჩების მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
ქეთევან მამულაშვილის განცხადებით, ამ ქუჩების მცხოვრებლებმა სამაჟორიტარო ბიუროში არაერთხელ მიმართეს მისამართებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით. ლევან რაზიკაშვილის ქუჩის მოსახლეობამ თინათინ ნიბლოშვილს იმ პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მისამართის აღმნიშვნელი აბრების არქონითაა გამოწვეული.
„2018 წლის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით 15 000-მდე მისამართზე განახორციელა სამისამართე აბრის მონტაჟი მერიის შესაბამისმა სამსახურმა. დაახლოებით ამდენივე მისამართზე მოხდება აბრის მონტაჟი 2019 წელსაც. ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ იმ ქუჩების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, სადაც 2019 წლის განმავლობაში მოხდება აბრების მონტაჟი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უახლოეს დღეებში მივმართავთ საჯარო რეესტრს შენობა-ნაგებობების ნუმერაციის თხოვნით, რომლის დასრულების შემდგომაც თბილისის მერია მოახდენს სამისამართე აბრების მონტაჟს. რაც შეეხება ირინა შტენბერგის ქუჩას, მოსახლეობა აცხადებს, რომ სახელდების პროცესში მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა, ვფიქრობ ვიმსჯელებთ ხსენებულ საკითხზე და მივიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.