თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელთან ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მეორე კვარტალსა და ვაზისუბნის დასახლების მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნები მოეწყობა. რამდენიმე მისამართზე კი ამჟამად საყრდენი კედლისა და კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
,,ჩემს სამაჟორიტაროში, აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მათ შორის, ერთ-ერთია ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში მიმდინარე მშენებლობა. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული გმირის გიორგი ნანუაშვილის სახელობის სპორტული მოედანი მოეწყობა , სადაც მისი მემორიალური დაფა განთავსდება. საქართველოს უახლეს ისტორიას არაერთი გმირი ახსოვს. მათ სამშობლოს ერთიანობისთვის სიცოცხლე გასწირეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა მათი გმირობის ისტორიას იცნობდეს და ჩვენ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ყველაფერს გავაკეთებთ"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.