თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე თბილისის მერთან კახა კალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო რაიონში, ასეთი მასშტაბის პროექტი დაიწყო. ოთხ თვეში თბილისს სრულად რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტით მოწყობილი, ევროპული ტიპის გამზირი ექნება. პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი, გამოიყოფა საავტობუსე ზოლი და მოეწყობა ველობილიკი”, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შესრულდება.