თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ლაბუჩიძესთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე ახლადაშენებული N88 საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
საკრებულოს თავმჯდომარემ ბაღში მისულ ბავშვებს, მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში საბავშვო ბაღების განვითარება მაღალი ტემპით და მაღალი ხარისხით მიმდინარეობს. ელიას დასახლებაში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. ჩვენი ქალაქის ამ უბანში სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება არ იყო და მშობლებს ბავშვები მიმდებარე უბნების ბაღებში დაჰყავდათ. ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა მოსწავლეს, მშობელს და პედაგოგს და ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგიო ტყემალაძემ.
ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე ახალადაშენებული, თანამედროვე საბავშვო ბაგა-ბაღი 230 ბავშვზეა გათვლილი.
„ამ ბაღის მშენებლობა ელიას დასახლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ამიტომაც განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობას ვულოცავ. ძალიან მიხარია, რომ შედეგი იმისა რაც რამდენიმე წლის წინ ჩავიფიქრეთ დღეს უკვე თვალსაჩინოა და ამიერიდან ადგილობრივი მოსახლეობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღით სარგებლობას შეძლებს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი.
ბაღის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად - მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ეკრანი, სადაც მშობლებს შეუძლიათ პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი სამზარეულო ბლოკში საკვების მომზადების პროცესს. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით.