დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნო.
ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები რაინგერსის და ჰომერის ქუჩის კვეთაზე მიმდინარეობს, რომელიც 500 გრძივ მეტრზე მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.
„ქვეყანში პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის მიუხედავად, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში , კერძოდ კი, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
ამჟამად, იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყეთ, სადაც სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და გრუნტიანი გზის ნაცვლად, ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. მომავალში მსგავსი ქუჩების მოწესრიგებაც ეტაპობრივად განხორციელდება“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს "ლ. ენდ ლ" ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 600 000 ლარია გამოყოფილი.