26 აგვისტო 2025 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით, გია ბაქარაშვილის, ყოფილი თეთრიწყაროს, ქუჩის 11 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მამა გაბრიელის მემორიალური დაფა განთავსდა. დაფის გახსნას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და მრევლი ესწრებოდნენ. მათ მამა გაბრიელის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მამა გაბრიელი ქართული ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო პირია, რომლის ქადაგებებიც საზოგადოებას თავმდაბლობას, სამშობლოს სიყვარულს და რწმენას დღესაც შთააგონებს. მისივე თქმით, მამა გაბრიელის მემორიალური დაფის გახსნა კიდევ ერთი მოკრძალებულია ნაბიჯია წმინდა ბერის ხსოვნის უკვდავსაყოფად.
„ მამა გაბრიელი ის სასულიერო პირია, რომლის განუსაზღვრელი სიყვარული, სიმდაბლე და განსაკუთრებული სულიერი ღვაწლი დღესაც ბევრისთვის მაგალითია“ -განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით სასულიერო პირებიც გამოვიდნენ.
მამა გაბრიელი საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა, მისი ხსენების დღედ კი 2 ნოემბერი დააწესა. 2014 წლის 22 თებერვალს სამთავროს ფერისცვალების მონასტრის ეზოში წმინდა მამა გაბრიელის საფლავი გახსნეს, წმინდანი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.