დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს წევრები: საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი კოტე ზარნაძე, ასევე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესო კალაძე გლდანის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნენ.
რეაბილიტაციის შედეგად განახლდა ინფრასტრუქტურა და ეზო, ახალი ფლიგელი და დამატებით 4 სააღმზრდელო ჯგუფი.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღსაზრდელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ხედვა ბაღებთან მიმართებით უცვლელია. თითოეული ახლად გახსნილი ბაღი უნდა იყოს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტით აშენებული და ყველანაირად ადაპტირებული. N89 ბაგა-ბაღში ამჯერად 460 ბავშვია რეგისტრირებული. უნდა აღინიშნოს, რომ რეაბილიტაციის გარდა აშენდა ახალი ფლიგელი და ბაღს უკვე 500-მდე აღსაზრდელის მიღება შეუძლია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
N89 ბაგა-ბაღის შენობა რეაბილიტაციამდე მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი, აშენდა ახალი ფლიგელი, ხოლო 12-ჯგუფიან ბაღს კიდევ ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა. შენობა აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით - დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.