თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო.
როგორც მიხეილ ამაშუკელმა აღნიშნა თბილისის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების ფარგლებში მისამართის აღმნიშვნელი აბრების მონტაჟი წელს ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩიდან დაიწყო.
,,აბრების სამონტაჟო სამუშაოები ყოველწლიურად 15 000 მდე მისამართზე ხორციელდება და მისასალმებელია, რომ პანდემიის პირობებშიც ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს.
სრულყოფილი და თანამედროვე დამისამართება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ისეთი სერვისების ოპერატიულად მისაღებად, როგორიცაა სასწრაფო, სახანძრო, საპატრულო, სამაშველო თუ საფოსტო მომსახურებები. აღნიშნულ სერვისებს კი ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ,“-განაცხადა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ დამისამართება აქტიურად გაგრძელდება.
გლდანის (ავჭალის) რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატის, შალვა ოგბაიძის თქმით საკრებულოს სამაჟორიტარო ბიუროებს სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლები ხშირად ამა თუ იმ ქუჩის დამისამართების თხოვნით მიმართავენ, გროვდება ინფორმაცია აბრების განახლებისა თუ მათი ჩანაცვლების შესახებ, რაც წლის განმავლობაში ხორციელდება. მაჟორიტარმა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას, მერიის შესაბამის სამსახურს, ასევე კონტრაქტორ კომპანიასა და მასში დასაქმებულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.