თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს წევრმა ნიკოლოზ კახეთელიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა ყიფშიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს, რომლის ფარგლებშიც სკვერის ტერიტორიაზე 100 ძირი არიზონას კვიპაროსის ხე დაირგო.
„ვფიქრობ, დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ჩვენი საქმიანობის ერთერთი ძირითადი პრიორიტეტია. ეკოლოგიურ პროექტებში მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად კერძო სექტორის და რიგითი მოქალაქეების ჩართულობა კი პროექტების რეალიზებას გაადვილებს და უკეთეს შედეგს გამოიღებს. ამ მიმართულებით ვაკის რაიონში კიდევ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სკვერში, რომელიც ვაკის რაიონულმა გამგეობამ მოაწყო, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები და დაიგო ბალახის საფარი.
ასევე, გამწვანების აქციაში მონაწილეობა ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ვახტანგ ნოზაძემ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა ტოგონიძემ და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს.