თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა, ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან - კახაბერ გვანცელაძესთან ერთად ზღვისუბანში, მე-80 საბავშვო ბაგა-ბაღში, პროდუქტების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო.
თამარ ტალიაშვილმა საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს პროგრამაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
,,მეამაყება შექმნილ ვითარებაში ყველა ის თანამშრომელი, რომელიც თავის საქმეს ღირსეულად ემსახურება. მახარებს, აღსაზრდელთა მშობლების დიდი კმაყოფილება თბილისის მერის ინიციატივასთან დაკავშირებით. თბილისის საბავშო ბაგა-ბაღებში ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმის მიზანი სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ბავშვთა კვებითი დეფიციტის აღმოფხვრა და მათი რაციონის მრავალფეროვანი, მაღალი საკვები ღირებულების მქონე პროდუქტებით უზრუნველყოფაა,'' - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ამჟამად, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის აუცილებელი საკვები პროდუქტების გაცემის მეხუთე ეტაპი მიმდინარეობს. პროგრამა თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, არამალფუჭებად საკვებ პროდუქტებს აღსაზრდელებს სახლში გაატანენ.
მსოფლიო პანდემიის პირობებში, თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო. პროდუქტების გაცემა ბაღებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მიმდინარეობს, სადაც მომსახურე პერსონალის რაოდენობა შეზღუდულია, დაცულია სოციალური დისტანცია და ყველა ყველა ის აუცილებელი რეკომენდაცია, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის განსაზღვრული.