თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი, რაიონის გამგებელთან - ირაკლი ხელაძესთან ერთად, ზღვისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
,,ქვეყანაში კორონავირუსის გამო შეცვლილი დღისწესრიგის მიუხედავად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხებულა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თბილისის ზღვისუბანშიც, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, შიდა კომუნიკაციების განახლება და სრული მოწესრიგება, რაც მოქალაქეთა ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს”,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
პროექტის ფარგლებში, ზღვისუბნის III მ.რ II კვ. N27 კორპუსის ტერიტორიაზე, 151 გრძივ მეტრზე წყალარინების გარე ქსელი, ხოლო 58 გრძივ მეტრზე შიდა ქსელი იცვლება. ასევე, მონტაჟდება 8 ახალი საკომუნიკაციო ჭა.
მსგავსი სამუშაოები ზღვისუბნის კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს.