თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, ზღვისუბანში მოძრავი სამი - N62, N60 და N17 - სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი ახალი, კომფორტული და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით ჩანაცვლდა.
ახალი ავტობუსი N62 ხაზზე მოქალაქეებს მოემსახურება ზღვისუბნის (ყოფილი თემქა) მე-3 მ/რ-ის მე-4 კვარტლიდან გადასასვლელ ხიდამდე; ასევე გადასასვლელ ხიდამდე ზღვისუბნის რომელაშვილისა და ჩარგლის ქუჩების გავლით გადაიყვანს მოქალაქეებს N17 ავტობუსი მუხიანიდან, ხოლო N60 ავტობუსი - გადასასვლელი ხიდიდან მეტრო „ღრმაღელემდე“ თბილისის ზღისა და ივერთუბნის გავლით.
ახალი ავტობუსების სამარშრუტო ხაზზე გასვლის პროცესს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, ზღვისუბანში უკვე ხუთ ხაზზე ჩანაცვლდა ავტობუსები. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ერთი მხრივ, მოქალაქეთა სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ, კი გარემოზე ზრუნვას. ზღვისუბანში ორ ხაზზე დარჩა ძველი ავტობუსები, რისი ჩანაცვლებაც 2020 წლის დასრულებამდე მოხდება“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
აღნიშნულ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით დამატებით 40 ერთეული ISUZU-ს მარკის, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 8 მარშუტზე გადანაწილდა. რეფორმის ფარგლებში, უახლოეს მომავაში 18 მეტრიანი 200-მდე ახალი ავტობუსი შეემატება თბილისს.