თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად სოლოლაკში, ბოლო აღმართის N9-ში მდებარე ახლად რეაბილიტირებული სკვერი მოინახულა, სადაც დასრულებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში არსებულ ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო სივრცე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განახლებულ დასასვენებელ ზონაში შესაბამისი ინვენტარი განთავსდა. ამასთან, საფეხმავლო ბილიკებზე დაიგო დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და უსაფრთხოების მოაჯირები.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს გამწვანება და თბილისში მეტი რეკრეაციული სივრცის უზრუნველყოფით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს. მისი თქმით, როგორც თბილისის მერია და საკრებულო, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აქტიურად გააგრძელებენ ამ მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.
ზურაბ აბაშიძე: „ვაგრძელებთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით აქტიურ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი სიმწვანე იყოს და მეტი დასასვენებელი რეკრეაციული სივრცე მოეწყოს.
დღეს სახეზე გვაქვს კიდევ ერთი განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი – განახლებული სკვერი სოლოლაკში, რომელიც დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი მოვარგოთ მოქალაქეების მოთხოვნებს და შევუქმნათ მათ კომფორტული გარემო, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნებათ.“
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოები გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და პროექტის ღირებულებამ ჯამში 55 000 ლარი შეადგინა. სკვერის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა, რათა რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროცესში მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები და მოთხოვნები.