თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივით და კომპანია m²-ის მხარდაჭერით, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრო რაიონში მდებარე ხევის პარკში ასი ძირი არიზონას კიპაროსი დაირგო. რევაზ სოხაძის განცხადებით, m²-მა ძალიან კარგი ინიციატივა გამოიჩინა და დედაქალაქს საჩუქრად არიზონას კიპაროსის 1200 ნერგი გადასცა, რომლებიც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგვება.
„კომპანია m²-თან ერთად, ვარკეთილში გამწვანების აქცია გვქონდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ მიმართულებით სოციალურ პასუხისმგებლობას სხვა კერძო კომპანიებიც გამოიჩენენ. კომპანია m²-ს და მის გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ მეძმარიაშვილს კი მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
გამწვანების აქციაში რევაზ სოხაძესთან ერთად, მონაწილეობა საკრებულოს წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა, კომპანია m² -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო რუხაძემ, ასევე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა ტოგონიძემ, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს.
„გაამწვანე ვარკეთილი“ რევაზ სოხაძის ინიციატივით დაიწყო და ამ დროისთვის ვარკეთილში ასი ათასამდე ხე-მცენარე დაირგო.