თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა.
ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში არსებული ძველი, ამორტიზებული შენობის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭიდაობის, ტანვარჯიშისა და ფიტნეს დარბაზი.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისივე თქმით, შენობა, რომელიც ამორტიზებული იყო, თანამედროვე,მაღალი სტანდარტების შესაბამის სპორტულ კომპლექსად გარდაიქმნა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, კონკრეტულად ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში. ეს შენობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორი ხარისხიანი სამუშაოები ჩატარდა. ვარკეთილის დასახლებას და ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან მაღალი დონის საჭიდაო დარბაზი აქვს, აქ იქნება როგორც ფიტნესი, ასევე ტანვარჯიშის წრე.
მე მინდა მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას, ეს გახლდათ მათი დიდი სურვილი. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს და შემსრულებლებს ჩატარებული სამუშაოსთვის,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს წევრები, სამგორის რაიონის გამგებელი და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.