ვარკეთილის მესამე მასივში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცეები მოეწყო. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს სამგორის რაიონის(მესამე მასივი) მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ღონისძიებას საკრებულოს ფრაქცია“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა, საკრებულოს წევრები რევაზ სოხაძე და ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდნენ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და განახლება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„როგორც ცნობილია, ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. სასიხარულოა, რომ ასეთი მრავალფუნქციური მოსასვენებელი ადგილები იხსნება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტების განხორციელებაში მონაწილეობდა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სამგორის რაიონის (მესამე მასივი) მაჟორიტარი წევრის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ცენტრის პარალელურად, გარეუბნებშიც განხორციელდეს საინტერესო პროექტები.
„ჩვენი მიზანია რაიონში მაქსიმალურად ბევრი გამწვანებული ადგილი და მოსასვენებელი სივრცე გვქონდეს. მნიშვნელოვანია რომ ცენტრის პარალელურად, გარეუბნებშიც განხორციელდეს საინტერესო პროექტები. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ლამაზი სკვერის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე ამ უბნის მთავარი შეხვედრის ადგილი გახდება,“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
აბაშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე 5200 კვ. მეტრ ფართობზე მოეწყო. სკვერში საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, განთავსდა საბაღე ურნები და სკამები, აგრეთვე დამონტაჟდა ენერგოეფექტური სანათები, საბავშვო ატრაქციონები და მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები. ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის მოეწყო ექსტრემალური სპორტის მოედანი - სკეიტ პარკი.
დასასვენებელი სივრცე მოეწყო ასევე, ვარკეთილის ზემო პლატოზე, კორპუსი 51ბ - ს მიმდებარედ. 610 კვ. მეტრ ფართობზე საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ბოძები დამონტაჟდება. სკვერში საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და საბაღე სკამები განთავსდება.
სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.