ვარკეთილის ზემო პლატოს ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი თბილისის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა.
პარკის ტერიტორია, რომლის მიმდებარედ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 3 ჰექტარს მოიცავს. ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების, ხე-ნარგავების შენარჩუნებითა და გარემოში მინიმალური ჩარევით, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
"ვარკეთილის მესამე მასივში მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. ეს არა მხოლოდ მესამე მასიველებისთვის, არამედ მთლიანად ვარკეთილისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია. პარკი გამწვანდება და ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები.
ტერიტორიაზე გაჩნდება მოსასვენებელი სივრცეები, ატრაქციონებით დატვირთული საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტ-პარკი, გადმოსახედი ბაქანი და საპიკნიკე სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც. ტერიტორია გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის,“- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი გაეცნენ. სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს „დაგი“ აწარმოებს. სამუშაოები 2021 წლის ოქტომბერში დასრულდება.