ვაკის რაიონში, სამ მისამართზე დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. ლორთქიფანიძის N28-ში, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალსა და ნუცუბიძის II მიკრორაიონში ახლადრეაბილიტირებული სკვერები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ტყემალაძემ, ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან და პარლამენტარ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, დაათვალიერა.
რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, ლორთქიფანიძის N28-ში დასასვენებელი სივრცე 1200 კვ. მ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც სპორტული მოედანი და საბავშვო-გასართობი სივრცე განთავსდა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, მაგრამ მერიამ მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც ამ ადგილას სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.
გიორგი ტყემალაძე, დავით კვინიკაძე და ნოდარ ტურძელაძე ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში ახლადრეაბილიტირებულ დასასვენებელ სივრცეშიც იმყოფებოდნენ, სადაც რეაბილიტაცია არსებულ სკვერს ჩაუტარდა. სამუშაოების შედეგად, სკვერში საპარკო ავეჯი განთავსდა, საბავშვო-გასართობი ზონა მოეწყო. ასევე, სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის, დასასვენებელ სივრცეს მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო კუთხე და კალათბურთის მინი მოედანი შეემატა. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 51 ხე და 107 ბუჩქი დაირგო.
დღესვე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ნუცუბიძის II მიკრორაიონის, III კვარტალშიც მივიდა და ახალ დასასვენებელ სივრცეში ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზეც შესაბამისი საპარკო ავეჯი დამონტაჟდა, საბავშვო-გასართობი ზონა და მინი სპორტული მოედანი მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.
გიორგი ტყემალაძე, დავით კვინიკაძე და ნოდარ ტურძელაძე სამივე მისამართზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ ჩატარებული, თუ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას რეკრეაციული სივრცეების გახსნა მიულოცა და ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადაუხადა.