თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძესთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში ახალი ბაღის მშენებლობის პროექტს გაეცნო და საძირკველში სიმბოლური კაფსულა განათავსა.
,,ისნის რაიონში, კერძოდ აშოტ კურაპალატის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო, დღეს პროექტის დეტალებს გავეცანით და მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულაც განვათავსეთ. ჩემს სამაჟორიტარო ოლქში საკმაოდ ბევრი პატარაა წარმოდგენილი და გაჩნდა საჭიროება, რომ ახალი ბაღი აშენებულიყო. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კი აღნიშნული პროექტი ხორციელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს კახი კალაძეს და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს კახა გვანცელაძეს მხარდაჭერისთვის“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ახალი სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება. საბავშვო ბაღში ცხრა ჯგუფი იფუნქციონირებს და სკოლამდელი განათლების მიღებას 250- ზე მეტი აღსაზრდელი შეძლებს, ასევე, დასაქმდება 60-მდე ადამიანი.
მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.