მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანულას მიმართულებით, დღეიდან N 73 ხაზზე ახალი „ISUZU“-ს მარკის ავტობუსები იმოძრავებენ.
დღეს თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ და საკრებულოს გლდანის (ავჭალის) მაჟორიტარმა შალვა ოგბაიძემ, რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან და რაიონის მოსახლეობასთან ერთად, ახალი ავტობუსით იმგზავრეს. დეპუტატებმა მოსახლეობას სხვადასხვა ხაზებზე ახალი ავტობუსების დამატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ საავტობუსო პარკის განახლების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.
გულია გოცირიძის თქმით, N 73 მარშრუტზე ავტობუსის მოცდის დრო 14 წუთია, ეს დრო კი ადრე არსებულზე მნიშვნელოვნად მცირეა, რაც თავის მხრივ მგზავრთა ნაკადის გადაყვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ამ სიახლეს. ხაზზე მოძრავი სამივე ავტობუსი ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილია. აქ არის ინტერნეტი, ყველა სკამთან დამონტაჟებულია მობილური ტელეფონის დასატენი საშუალება, არის კონდიცირება და შშმ პირთათვის ადაპტირებული სივრცე“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.
შალვა ოგბაიძის თქმით კი, ახალმა ავტობუსებმა ძველი ,,ბოგდანის" ტიპის ყვითელი ავტობუსები ჩაანაცვლა, რაც გლდანში მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოხარული ვარ, რომ საავტობუსო პარკის განახლების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ამისათვის თბილისის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით თავდაუზოგავად მუშაობს და დედაქალაქის მასშტაბით ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა უბნის მოსახლეობას ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით გადაადგილების საშუალება ეძლევა“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
მისივე თქმით, 27 იანვარს, ახალი ავტობუსები N45 ხაზზეც გავა.
შეგახსენებთ, რომ ახალი „ISUZU“-ს მარკის ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI -ს სიგნალით დაფარვას, ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური და ვიდეომონიტორინგის სისტემა და USB-დამტენები.