სამგორის რაიონს მომავალ წელს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობას, რომელიც ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე მიმდინარეობს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახა გვანცელაძესთან და სამგორის რაიონის გამგებელთან კახა სამხარაძესთან ერთად, გაეცნო.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ახალი ბაღი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება. სასიხარულოა, რომ ბაღი 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს და იქ 100-მდე ადამიანი დასაქმდება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ახალი ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. შენობას ექნება კეთილმოწყობილი შიდა და გარე სივრცეები, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და სკოლამდელი განათლების სხვა სტანდარტები. მშენებლობას შპს „ორნამენტი“ ახორციელებს და მისი დასრულება 2021 წელს იგეგმება.