თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად ვაკის რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაიწყო.
„ვაკის მოსახლეობის ყველა თაობისთვის საყვარელი დასასვენებელი ადგილის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა და საბავშვო მოედანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული კაფე-ბარის ტერიტორია სკვერს დაუბრუნდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სკვერში დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები, მოეწყობა შადრევანი.