თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან და საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი წერეთელთან ერთად,ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
გზის სარეაბილიტაციო 7.1 კმ-იანი მონაკვეთი გაივლის კვესეთის დასახლებას და ბეთანიის მონასტრამდე მიდის, რომელიც ასევე, უერთდება თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ამ გზის მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს გადაადგილებას გაუადვილებს.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტებია. პროექტების დიდი ნაწილი დასრულებულია, ზოგი რეაბილიტაციის პროცესშია, გარკვეული პროექტების განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტი - ბეთანიის მონასტრისა და კვესეთის დასახლებისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა.
7.1 კმ სიგრძის გზის მოწესრიგების, ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების და სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სულ მალე გრუნტის ძველი გზების ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზა შევა ექსპლუატაციაში,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება. ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების, ასევე ფეხით მოსიარულე ტურისტების და დამსვენებლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.