თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე „ინნ ჯგუფის“ მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას შეუერთდა და სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ნობათი გადასცა. კომპანია „ინნ ჯგუფმა“ სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაკომპლექტებული ერთი თვის მარაგი დაამზადა და ასზე მეტ ოჯახს უკვე დაეხმარა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულო სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს ეხმარება, „ინნ ჯგუფმა“ კი გადაწყვიტა პროდუქტები სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებისთვის გადაეცა. გიორგი ტყემალაძემ კომპანიას გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს „ინნ ჯგუფის“ მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიაში ჩავერთე და 60 ოჯახს კომპანიის მიერ მომზადებული ნობათები დავურიგეთ. ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც დღეს პანდემიის გამო ქვეყანა აღმოჩნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება, „ინნ ჯგუფმა“ კი გადაწყვიტა სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებს დახმარებოდა, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. მე ამ აქციაში სიამოვნებით ჩავები და დღეს ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან რამდენიმე ოჯახს ნობათი, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მივუტანე“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულო კვლავ აგრძელებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც დახმარებას სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახები იღებენ.
რაც შეეხება კომპანია „ინნ ჯგუფს“ მათ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქველმოქმედო აქცია რეგიონებიდან დაიწყეს და ყაზბეგისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში 200-მდე ოჯახს დაეხმარნენ. გარდა ამისა, „ინნ ჯგუფში“ შემავალი ოთხი სასტუმრო, რომელიც თბილისში მდებარეობს, საკარანტინო ზონებად რჩება.