თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად სამგორის რაიონში, სპორტული ობიექტების მშენებლობები დაათვალიერეს. ობიექტებზე საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისის საკრებულოს წევრები და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.
სამგორის რაიონში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, ვარკეთილის მეურნეობაში ჭიდაობის სპორტული ცენტრი, ლილოს დასახლებაში კი საცურაო აუზი შენდება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სპორტული კომპლექსების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას ხელს უწყობს. მისივე თქმით, მულტიფუნქციურ ცენტრს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტული მიმართულებით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.
”მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა ინოვაციური და მნიშვნელოვანი პროექტია. აქ გათვალისწინებულია მრავალპროფილური სპორტული ობიექტები. აღსანიშნავია, რომ ცენტრში განთავსებული იქნება ბიბლიოთეკა და მედიათეკაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც კომპლექსი სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ისე სახელოვნებო მიმართულებებით იქნება დატვირთული, რაც მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის კუთხით. თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, სამგორის რაიონის მცხოვრებთათვის და არა მარტო მათთვის, ეს იქნება განსაკუთრებული ადგილი,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 11 502 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.
მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა სართული პარკირებისთვის.
ვარკეთილის მეურნეობაში, ჭიდაობის ცენტრი, ლილოს დასახლებაში კი, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე საცურაო აუზი აშენდება.