1-7 სექტემბერს საქართველო ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში - FIBA ევრობასკეტ-2022-ს მასპინძლობს. რიყის პარკში ევრობასკეტ-2022-ის ფანზონის გახსნის ცერემონიას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.
„მოხარული ვარ, რომ დღეიდან, დიდი საერთაშორისო ტურნირის წინ, თბილისის ცენტრში რიყის პარკში, ფანზონა მოეწყობა, სადაც ევრობასკეტის დღეებში, გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ მატჩების ნახვა და ეროვნული ნაკრების ქომაგობა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ქართული კალათბურთის ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. წელს ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერან კალათბურთელებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს დღევანდელ დღეს’’, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე თქმით, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ,,ა’’ ჯგუფის თამაშების მასპინძლობა ჩვენი დედაქალაქისთვის დიდი პატივია, თუმცა, თბილისმა უკვე შეიძინა მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება.
საკრებულოს თავმჯდომარემ წარმატება უსურვა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს და ამასთანავე, იმედი გამოთქვა, ისინი ქართველი გულშემატკივრების გახარებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
ევროპის ჩემპიონატი, არამარტო კონტინენტის უმაღლესი საკალათბურთო მოვლენა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის მილიონობით გულშემატკივარს მასპინძელ ქალაქებში და მილიარდზე მეტ მაყურებელს ტელეეკრანებთან. ევროპის ჩემპიონატის დღეები დატვირთული იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით.