თბილისის საკრებულოს სამგორის (მესამე მასივი) რაიონის მაჟორიტარმა წევრმა გიორგი დოხტურიშვილმა, ამავე რაიონის გამგებელთან კახა სამხარაძესთან ერთად, მოსახლეობას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტი წარუდგინა.
დეპუტატმა, ვარკეთილის ზემო პლატოს მცხოვრებლებს, პარკის პროექტი დეტალურად გააცნო და აღნიშნა, რომ 3 ჰა ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იქ უკვე არსებული ბუნებრივი რესურსების, ხე-ნარგავების შენარჩუნებით განხორციელდება.
„ვარკეთილის მესამე მასივში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება. ათწლეულების წინ, აქ პარკი არსებობდა, თუმცა დღეს არაფერია შემორჩენილი. მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ტერიტორია გამწვანდება, დაირგვება 500 მდეხე-მცენარე, მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები.
პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე იქნება მოსასვენებელი სივრცეები, ატრაქციონებით დატვირთული საბავშვო, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტ-პარკი, გადმოსახედი ბაქანი და საპიკნიკე. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც. ტერიტორია გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ჩვენი მიზანია, ვარკეთილის მესამე მასივში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. აღნიშნული სივრცე მოსახლეობას კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში თავისუფალი დროის გატარების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
პრეზენტაციას დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე ესწრებოდა.