თბილისის საკრებულოს სამგორის (მესამე მასივი) რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი დოხტურიშვილი, ამავე რაიონის გამგებელთან კახა სამხარაძესთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახა გვანცელაძესთან ერთად ვარკეთილის მესამე მასივში N28 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟის პროცესს გაეცნო.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ბაგა-ბაღის შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მისი დემონტაჟი აუცილებელი გახდა.
,,მნიშვნელოვანია, რომ ბაღების სააგენტოს უკვე მომზადებული აქვს პროექტი, რომლის განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ და ჩვენს პატარებს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაგა-ბაღს ავუშენებთ“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის კახა გვანცელაძის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე დედაქალაქში კიდევ 8 ავარიული ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღები აშენდება.