თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პაკეტით ისარგებლებენ, ხელი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ხატია ფიჩხაიამ და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა მოაწერეს.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა განმარტა, გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, საშეღავათო პაკეტებით სარგებლობა ბაგა-ბაღების 10500-მდე თანამშრომელს და მათ ოჯახის წევრებს შეეძლებათ.
„მინდა, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მაშინ როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია, ჩვენი ბაგა-ბაღების თანამშრომლებს მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ გაფორმდა დღევანდელი მემორანდუმი, რისთვისაც ამ საქმეში ჩართულ ყველა პირს მადლობას ვუხდი“- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში, ბაღების პერსონალს და მათი ოჯახის წევრებს ტატიშვილის კლინიკა, სამედიცინო მომსახურების მიზნით, 2021 წლის ბოლომდე 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე სერვისს სთავაზობს. გარდა ამისა, ბაგა-ბაღების თანამშრომლები, ოჯახის წევრებთან ერთად, გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კვლევებსა და სარეაბილიტაციო სერვისებზე მათ 20% -იან შეღავათი ექნებათ. საშეღავათო პირობები სტაციონალურ მომსახურებაზეც ვრცელდება, რაც სტაციონარული მომსახურების 500 ლარის ღირებულების სასაჩუქრე სერვისს გულისხმობს.
რაც შეეხება ბალნეოლოგიურ კურორტს, 30% -იანი ფასდაკლება გავრცელდება სამედიცინო და სარეაბილიტაციო, მათ შორის ფიზიო პროცედურების მიმართულებით, ხოლო, დანარჩენ მომსახურებაზე, როგორიცაა: ბალნეოლოგია, კოსმეტოლოგია და სპა, აქ საშეღავათო პროცენტი 10-15 %-ით განისაზღვრება.