თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან თინათინ ნიბლოშვილთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამაჟორიტარო რაიონში მდებარე 33-ე საბავშვო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და დაწესებულება დაათვალიერა. ავთანდილ ცინცაძემ ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობას და აღმზრდელებს პატარებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მომავალი თაობის ღირსეულ პირობებში აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა აღმზრდელს, მასწავლებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი შვილების, მომავალი თაობის აღზრდის რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში არის ჩართული. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობთ ეს ინტერესი ბავშვებს ბაღის ასაკიდანვე ჩავუნერგოთ და შევაყვაროთ, რათა შემდეგ უკვე მათ თავისი არჩევანი სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესზე შეაჩერონ. ბაგა-ბაღი, რომელიც დავათვალიერეთ ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან მიღწეული შეთანხმებით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ ბაღში სპორტული დარბაზის მოწყობა დაიწყება“,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
33-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ათი ჯგუფი ფუნქციონირებს და ის ოთხასამდე აღსაზრდელზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობასთან ერთად, ასევე კეთილმოწყობილი და გამწვანებულია ეზო, დამონტაჟებულია ატრაქციონები. ბაღი შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულია.