თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან თევზაია ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს შესათანხმებლად რამდენიმე საკითხი წარუდგინა.
კომისიის წევრებმა თბილისის მინიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და დიდუბისა და სამგორის რაიონებში სხვა სოციალური დახმარებების პროგრამაში მეოთხე კვარტლიდან თანხის მესამე კვარტალში გადატანას დაუჭირეს მხარი.
დადებითად შეფასდა ვაკის რაიონში გზების მოვლა-შეკეთების პროგრამაში მე-4 კვარტლიდან თანხის მე-2 კვარტალში, ხოლო ისნის რაიონში კი ასევე გზების შეკეთებისთვის მე-2 კვარტალში 600 000 ლარის მე-4 კვარტლიდან დამატებაც.
სოციალური მომსახურების სამსახურის თხოვნით, მხარი დაეჭირა ბავშვების კულტურულ გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების პროგრამაში შსს პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამიდან თანხის გადატანას.
დღესვე, დეპუტატებმა განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მე-3 კვარტლის გეგმის შემცირების ხარჯზე მე-2 კვარტლის გეგმის გაზრდასაც.
ასევე დადებითად შეფასდა და განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ სოციალურად დაუცველი სტუდენტების გაზრდილი მომართვიანობიდან გამომდინარე, სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით პროგრამის -"სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისთვის" მესამე კვარტლის გეგმის შემცირების ხარჯზე მეორე კვარტლის გეგმის გაზრდის თაობაზე მომართვაც.
მიმდინარე სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია განათლების პრიორიტეტისთვის ახალი პროგრამის -"მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე" დამატებისა და სასახლის წლის ბოლომდე შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 1 090 000 ლარის გამოყოფის თაობაზე.