თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა.
როგორ გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, იზრდება სხვა შემოსავლების ნაწილში სანქციებიდან მისაღები შემოსავლები 20 552,2 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 20 552,2 ათასი ლარით და შეადგენს 1 823 624,5 ათას ლარს.
ასევე, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის მერიის ზოგიერთი საქალაქო სამსახურის და რაიონის გამგეობის დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
მანვე სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
გაიოზ თალაკვაძის თქმით, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და მთაწმინდის რაიონის გამგეობის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
დღესვე კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს.
მარიამ კვერნაძემ დეპუტატებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის და იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო.
მანვე თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და კერძო პირს შორის აუქციონის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გაუქმების საკითხი წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებსა და შპს ,,ენსი გრუპის'', ასევე კოოპერატივის წევრებსა და შპს ,,მს ბილდერს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისგან ,,ენსი გრუპის'' და ,,მს ბილდერის'' გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.