თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ხელაძემ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი დედაქალაქის საკრებულოში უკვე შემოვიდა.
„წარმოდგენილი ვერსია წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 133 მილიონი ლარით არის გაზრდილი და შეადგენს 1,438,775 ათას ლარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. პროცედურის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გაეგზავნა ყველა დარგობრივ კომისიას და მათი მხრიდან 20 ნოემბრამდე წარმოდგენილი უნდა იყოს შენიშვნები, რეკომენდაციები და წინადადებები.
რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტს, რა თქმა უნდა შენარჩუნებულია პრიორიტეტული მიმართულებები. თბილისის მერის კახა კალაძის და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა, ასევე სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. ყველასთვის ცნობილია, რომ თბილისის მერიას და რაიონულ გამგეობებს ძალიან ბევრი საჭირო და აუცილებელი სერვისი აქვთ საზოგადოებისთვის შეთავაზებული.
გრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება როგორიცაა, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის პირებზე ყოველთვიური დახმარება, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროგრამით დღეის მდგომარეობით სარგებლობს 19 900 ბენეფიციარი, ასევე გაგრძელდება სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირების მედიკამენტებით დაფინანსება 500 ლარის ფარგლებში, ამ პროგრამისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერებისთვის,“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, რომელიც ასევე მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას; მომდევნო წელს გაგრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, გაგრძელდება დაწყებული პროექტები, ისტორიული შენობების და ძეგლების რეაბილიტაცია; მომდევნო წელს დაგეგმილია როგორც პარკების, ასევე სკვერების მშენებლობა.
ირაკლი ხელაძის ინფორმაციით, 2023 წელს დასრულდება 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ასევე სპორტის და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად გაგრძელდება სპორტული ობიექტების მშენებლობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.