თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენელთა ანგარიშის მოსმენა გრძელდება.
წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ 8 თვის მანძილზე გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა. კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები მიმდინარე პროცესებში საკრებულოს ჩართულობასა და დედაქალაქში პრობლემების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.
ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ კარლო ლაფერაძემ დეპუტატებს ამავე სამსახურის მომსახურებისა და ფუნქციების, სამომავლო გეგმებისა და ამოცანების, ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, კი ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს გაუსვა ხაზი, როგორებიცაა ელექტრონული აუქციონის გამართვის პროცედურა, ხაზობრივი ნაგებობების მნიშვნელობა, ხელშეკრულებების მონიტორინგი. მომხსენებელმა კომისიის წევრებს ინფორმაცია 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზეც მიაწოდა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა.
,,რაც შეეხება 2015 წელს, ამ ეტაპზე პირველი კვარტლის მონაცემებით, ბიუჯეტი უკვე 30%-ით შესრულდა’’,-განაცხადა კარლო ლაფერაძემ და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზეც ისაუბრა. მანვე დეპუტატებს თვითმმართველობის კოდექსსა და ახალ რეგულაციებზე მორგებულ საკანონმდებლო ბაზაზე მიაწოდა ინფორმაცია.
სხდომის დასასრულს, კარლო ლაფერაძემ კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.