თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა წარუდგინა. მისი განცხადებით, თუკი აქამდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტები ამხანაგობის და გამგეობის მიერ თანადაფინანსებით ხორციელდებოდა, ამ ცვლილებების საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ ახალი წესი ამოქმედდება, რომლის თანახმადაც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ძირითად პროექტებს რაიონული გამგეობები სრულად დააფინანსებენ.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესი უფრო ეფექტური ხდება, რომელიც გამორიცხავს კორუფციულ გარიგებებს. აქამდე არსებული თანადაფინანსების ნაცვლად, რომლის დროსაც ამხანაგობა დასაფინანსებელი პროექტის 20%-ს იხდიდა, ამ ცვლილებების მიხედვით, ეს პროექტები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მთლიანად დაფინანსდება. თუმცა ამხანაგობებს ექნებათ ვალდებულება თანხის 10% შეაგროვონ და საკუთარ ანგარიშზე შეიტანონ. ეს თანხა გამგეობასთან წინასწარ დადებული შეთანხმების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში არსებული საჭიროებისთვის უნდა გამოიყენონ,“- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.
მისივე თქმით, სამუშაოების შესასრულებლად კონტრაქტორი კომპანიები ტენდერის წესით შეირჩევიან. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქში დაახლოებით 10 ათასი ამხანაგობაა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესში შესატან ტექნიკურ ცვლილებას და რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხს მიეცა თანხმობა.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.