თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებს თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარმოუდგინა და მის ძირითად პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის ბიუჯეტი 2017 წელს 800 მლნ. 270 500 ლარით განისაზღვრა.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დეპუტატების შეკითხვებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა უპასუხეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ კომისიის წევრებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე ფრაქციების, კომისიების, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებისა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების შენიშვნები და წინადადებები გააცნო.
როგორც კომისიის სხდომაზე გადაწყდა, 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის შემდგომი კორექტირებისთვის თბილისის მერიისთვის დაბრუნების საკითხს დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უყრიან კენჭს.
მერიამ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს.
დღესვე სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს და მათ დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ცვლილება განხორციელდა დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რომლის თაობაზე ინფორმაცია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ‘’ ლიკვიდაციასა და ქალაქ თბილისის 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილებას.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.