თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ წარმოადგინა.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში მათზე მიკუთვნებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილებების თაობაზე იმსჯელეს და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურში არსებული პროგრამების დაფინანსების გაზრდას დაუჭირეს მხარი.
კერძოდ, დაფინანსება ეზრდება ,,ც’’ ჰეპატიტის დიაგნოსტიკას, ასევე იზრდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, სამედიცინო და სხვა სოციალური დახმარებები და სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, რომლის დაბალანსებაც სხვადასხვა პროგრამებში არსებული თავისუფალი რესურსით მოხდება.
პროგრამაში ,,სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია’’ არსებული თავისუფალი რესურსის ხარჯზე ასევე იზრდება სპორტული ღონისძიებებისა და სპორტული დაწესებულებების მატერიალური-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და მშენებლობის დაფინანსება.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დადებითი რეკომენდაცია მიეცა საკითხს შპს ,,მომავლის სკოლასთან’’ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და წლიური საიჯარო ქირის საიჯარო პირობების ახალი რედაქციით ჩამოყალიბების შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლიური საიჯარო ქირის შემცირების თაობაზეც.
თანხმობა მიეცა ქალაქ თბილისის მთავრობასა და შპს ,,რეალ ესტეიტ დეველომენტს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიასა და შპს ,,ბას სტოპს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარჩენილი დავალიანების გადახდის ვალდებულებისგან შპს ,,ბას სტოპის’’ გათავისუფლებას.
დღესვე სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისში, დაბა წყნეთის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის შპს ,,რანდევუ ბეთანიაში’’ პირდაპირი განკარგვისაღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს და დადგენილების დანართით გათვალისწინებული ვალდებულებების შეცვლისა და პირგასამტეხლოს გადასახადიდან კომპანიის გათავისუფლებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილი და მერის წარმომადგენელი საკრებულოში გოგა მამფორია ესწრებოდნენ.