"დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის შესწორებულ პროექტში საკრებულოს დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებულია", - ეს განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოში პროცედურების დაცვით, 10 დეკემბერს შევიდა, დღეიდან კი ბიუჯეტის შესწორებული პროექტი ყველა დეპუტატს გადაეგზავნება.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში 80 მლნ. 200 ათასი ლარითაა გაზრდილი.
დეპუტატმა ასევე განმარტა, რომ ბიუჯეტში 17 მლნ. ლარის შიდა გადანაწილება განხორციელდა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სწორედ საკრებულოს წარმომადგენლების მიერ გამოთქმული შენიშვნების შედეგად იმ მუხლებზე მოხდა თანხების დამატება, რომლებიც დედაქალაქისა და თბილისელებისთვისაა პრიორიტეტული.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლების შენიშვნებსაც გამოეხმაურა .
"მნიშვნელოვანი იყო უმცირესობის წარმომადგენელთა ხედვები ბიუჯეტის მეორე ნაწილთან მიმართებაში. ოპონენტი კოლეგები მთელი რიგი მუხლების დაზუსტებას ითხოვდნენ. დოკუმენტი უკვე წარმოდგენილია და ყველას მიეცემა საშუალება, თითოეული ლარის მიზნობრიობას დეტალურად გაეცნოს “, - განაცხადა დეპუტატმა.
ჯაბა სამუშიამ ბიუჯეტის გაცნობისა და დამტკიცების პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა დაახლოებით 2 კვირას გაგრძელდება და თითოეულ კომისიასა და ფრაქციას ყველა მუხლის დეტალურად გაცნობის საშუალება ექნება. ახალი წინადადებების შემთხვევაში კი მოხდება განხილვები და წარმოდგენილი შენიშვნები უკვე საკრებულოს სხდომაზე იქნება გათვალისწინებული.
ბიუჯეტის შესწორებულ პროექტს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს დედაქალაქის მერი საკრებულოს სხდომაზე წარუდგენს.