თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრების გარდა საქალაქო სამსახურების, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის გუშინდელი განხილვის შემდეგ თითოეულმა კომისიამ და ფრაქციამ, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში საკუთარი შენიშვნები, წინადადებები და რეკომენდაციები დასკვნების სახით წარმოადგინეს.
შენიშვნები, ძირითადად, ბიუჯეტში წარმოდგენილი ზოგიერთი პროგრამისა და მუხლის დეტალურად ჩაშლაზე იყო აქტენტირებული.
სამუშიას თქმით, ბიუჯეტის პროექტის კორექტირების პროცესში საკრებულოს წევრები, კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატები შესაბამის გამგეობებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას, რაც პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას შეუწყობს ხელს.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დასკვნებში წარმოდგენილი რეკომენდაციებითა და შენიშვნებით საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს გადაეცა, რომელიც დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს სხდომაზე, კორექტირების მიზნით, დედაქალაქის მერიას დაუბრუნებს.
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, კანონის შესაბამისად, საკრებულოში ხელახალი განხილვისთვის 10 დეკემბრამდე დაბრუნდება.