თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
სამუშიას თქმით, ეს არის ბოლო ცვლილება, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტში განხორციელდება და მასში ორი მნიშვნელოვანი საკითხია შეტანილი.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის მაღალჩინოსნები არ აიღებენ მეცამეტე ხელფასს და აღნიშნული თანხები მთლიანად მიმართული იქნება მერიის ქვემდებარე სხვა ა(ა)იპ და (სსიპ) -ების იმ თანამშრომლების მეცამეტე ხელფასების დასაფინანსებლად, რომლებსაც შედარებით დაბალი შრომის ანაზღაურება აქვთ. ესენია, მეეზოვეები, დასუფთავების მანქანებზე მომუშავე მძღოლები და მათი დამხმარეები, თბილსერვის ჯგუფის ტექნიკური პერსონალი, ავტობუსის მძღოლები, მეტროს მემანქანეები, კონტროლიორები, ბაღის აღმზრდელები და სხვა.
„გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ აღნიშნული პირები საახალწლოდ მიიღებენ მეცამეტე ხელფასს“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
დეპუტატმა ასევე განმარტება გააკეთა საკრებულოს ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თითქოს 2016 წლის ბიუჯეტის შემცირებაა დაგეგმილი.
„მინდა ვუპასუხო ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ბიუჯეტი ხუთი მილიონი ლარით მცირდება. საზოგადოებას განვუმარტავ, რომ ეს არის ის თანხა, რომელიც წლევანდელ ბიუჯეტში მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობისთვის იყო გათვალისწინებული. საბაგირო გზის მშენებლობის პროექტირებამ გარკვეული დრო მოითხოვა, რის გამოც ეს მშენებლობა მომავალ წელს განხორციელდება. ამიტომ თანხა, რომელიც შეთანხმებისამებრ მთწამინდის პარკს თბილისის ბიუჯეტში უნდა გამდოერიცხა და რომელიც ამ მშენებლობისთვის არის გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტი არ მცირდება. ცვლილება კი გამოიწვია ტექნიკურმა საკითხმა.
,, დაგეგმილი იყო საბაგიროს მშენებლობა სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ საბაგირო გზის საწყისი სადგური დარჩეს იქ, სადაც იყო ათწლეულების განმავლობაში - მეცნიერებათა აკადემიის შენობის უკანა ეზოში“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.