თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარადგინა. როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, ბიუჯეტი 8 მილიონ 116 ათასი ლარით იზრდება და 1 მილიარდ 567 მილიონ 982 ათასი ლარით განისაზღვრება. ლევან მიქავამ ის მიმართულებები გააცნო კომისიის წევრებს, რომლებზეც ეს თანხები გადანაწილდება. მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ კომისიის წევრებს 2022 წლის ბიუჯეტის პროგრამა/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღნიშნული საკითხების გარდა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კომისიის სხდომაზე წარადგინა რამდენიმე საკითხი, რომლებიც აუქციონის პირობის ცვლილებას და კოოპერატიულ პროექტებს ეხება. ასევე, კომისიის წევრებმა მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, მათ შორის ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საკითხი.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.