თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ასევე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილი განიხილეს.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემას და შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.