თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
დეპუტატებმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს გადაწვეტილებას, რომლის თანახმად, 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთა კონტინგენტს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში (ავტობუსები (M3 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასოდ მგზავრობის უფლება მიეცემა.
წარმოდგენილი პროექტით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის გარდა, უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე სხვა კატეგორიების მოქალაქეთათვის ბარათების გაცემა უნდა უზრუნველყოს დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა.
ამასთანავე, უფასოდ მგზავრობის უფლება უსინათლოთა გამცილებლით მომსახურების პროექტის შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დასაქმებული 3 გამცილებელსაც მიეცემა.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს ნინო კვენეტაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, ქონების მართვისა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.