თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და საკითხს, რომლის თაობაზე დეტალური ინფორმაცია დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ მიაწოდა, მხარი დაუჭირეს.
დეპუტატებმა დღესვე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ასევე საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობის საპრივატიზებო საფასურით უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონით პრივატიზების თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების შესახებ საკრებულოს წევრები უკვე წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.