თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
კომისიის წევრებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ კარლო ლაფერაძემ წარმოუდგინა.
დეპუტატებმა შპს ,,მთაწმინდის პარკის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, ასევე გენერალ გულუას ქუჩის დასაწყისში მდებარე უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხებზე იმსჯელეს და ორივე საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა გელა დონაძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამხანაგობისთვის ,,ნუცუბიძის პლატო 601“პირდაპირი განკარგვის ფრომით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა ეთხოვა, რაც მათი მხრიდან სახელმწიფო საშინაო ვალზე უარის თქმას ითვალისწინებს.
აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას ამხანაგობა ,,ნუცუბიძის პლატო 601“ წარმომადგენლები და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.