თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
დოკუმენტი საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა- ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა და სპორტი.
გაიოზ თალაკვაძემ დოკუმენტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტის დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განხილვის საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხს თანხმობა მიეცა.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.