თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე დეპუტატებმა საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს გამგეობების და ზოგიერთი საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების მიმოხილვის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
სხდომაზე კომისიის წევრებმა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლების შესახებაც იმსჯელეს და საკითხს მხარი დაუჭირეს.
მათივე გადაწყვეტილებით, ცვლილება განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და ამავე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესების დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისა და ასევე ღია კაფეს მოწყობის მიზნით მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, ქონების მართვისა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემასა და შესაბამისი ხელშეკრულებების შეთანხმების გაცემას დაუჭირეს მხარი.