თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტის ფარგლებში ახალი პროგრამის – „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ დამატების საკითხი განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა სამუშიას თქმით, მას შემდეგ, რაც „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ შეიქმნა, ბუნებრივია, დადგა ამ ცენტრის დაფინანსების საკითხი. ცენტრი თბილისის მერიის მიერ არის დაარსებული და შესაბამისად, მისი დაფინანსების წყარო საბიუჯეტო სახსრები უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიებიდან მოიძებნა 50 000 ლარი, რომლითაც ამ ეტაპზე ცენტრის დაფინანსება მოხდა.
„ჩვენი კოლეგები ხშირად ახსენებდნენ მილიონებს, რაც თითქოსდა ამ ცენტრის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი კომისიის სხდომაზე გავიდა საკითხი, რომ ცენტრი მხოლოდ 50 000 ლარით დაფინანსდეს. ეს თანხა გამოიყოფა იმისთვის, რომ ცენტრი მოეწყოს ახალ მისამართზე და ფუნქციონირება დაიწყოს. რაც შეეხება ეკონომიებს, ეს არის ტენდერების შედეგად მორჩენილი ეკონომიები და სწორედ ეს თანხა იქნა ცენტრის ასამუშავებლად გამოყოფილი“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.