თბილისის საკრებულოს სამი კომისიის - ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტი, სარევიზიო და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელიზეც დედაქალაქის 2021 წლის წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის დავით უთმელიძის განცხადებით, მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, მაქსიმალურად მორგებულია დედაქალაქის და მისი მცხოვრებლების საჭიროებებზე.
დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, მთავარი ფინანსური დოკუმენტის მთლიანი მოცულობა მილიარდ 50 მილიონ 302 ათას 500 ლარით განისაზღვრა, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან( 1 021 400 600 ლარი) მიმართებაში გაზრდილია 28 901 900 ლარით, ხოლო 2021 წლის თავდაპირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით გაზრდილია 210 000 000 ლარით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 174 263,8 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება - 194 636,5 ათასი ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 148 944,1 ათასი ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 4 164,4 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 39 157,3 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 154 136,0 ათასი ლარი;
განათლება - 175 094,0 ათასი ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 47 355,8 ათასი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 4 402,3 ათასი ლარი.
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 108 148,4 ათასი ლარი.
სამი კომისიის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარადგინა ასევე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის საშუალებით, 2020 წლის ფინანსური დოკუმენტი 30 მილიონი ლარით იზრდება, რას სხვადასხვა მიმართულებებზე გადანაწილდება. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.