თბილისის საკრებულოს სამი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, განათლების და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები და თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. საკითხები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. როგორც ცნობილი ხდება, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 199 მილიონ 917 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 1 49 614,5 ათასი ლარით მეტია. გაიოზ თალაკვაძემ კომისიების წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ინფორმაცია მიაწოდა და კითხვებს უპასუხა. კომისიებმა საკუთარი რეკომენდაციები წარადგინეს. განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, კომისიის რეკომენდაცია მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების და სახელოვნებო სკოლების კეთილმოწყობის მიზნით თანხების გაზრდას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი იზრდება და 1 მილიარდ 270 მილიონი ლარით განისაზღვრება. მისივე ინფორმაციით, თანხები ძირითადად სოციალურ მიმართულებებზე გადანაწილდება. საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაზრდილი ბიუჯეტის გადანაწილებაზე დეტალურად ისაუბრა. საკრებულოს წევრებმა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო საკრებულოს წევრებს.
აღნიშნული საკითხების გარდა, დეპუტატებმა თბილისში, დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით რამდენიმე კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები განიხილეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ხელშემწყობი ღონისძიებები იმ კომპანიების მიმართ გამოიყენება, რომლებიც „ცენტრ-პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს აფინანსებენ.
გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, ასევე „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები წარადგინეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
გარდა ამისა. გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის „თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტთან დაკავშირებით” ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმებაზე იმსჯელეს. საკითხი შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ წარადგინა.